საფრანგეთის ქალაქ კანი-სიურ-მერში, იმპრესიონისტი მხატვრის ოგიუსტ რენუარი მუზეუმიდან ოთხი ნახატი მოიპარეს. ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
პოლიციამ განგაშის სიგნალი 8 სექტემბერს, დილის დაახლოებით 6 საათზე მიიღო. მუზეუმში განგაშის სისტემა ამოქმედდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ორი დამნაშავე ჩანს, რომლებიც ნახატებს ჭრიან და კედლებიდან ხსნიან.
ერთ-ერთი მოპარული ნახატი მძარცველებმა გაქცევისას გზად დატოვეს. ქალაქის მერიის შეფასებით, მოპარული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ნახატებია მოპარული და მათ შორის არის თუ არა რენუარის ნამუშევრები. მუზეუმში რენუარის 13 ნახატთან ერთად სხვა ცნობილი მხატვრების, მათ შორის არისტიდ მაიოლიის, პიერ ბონარიისა და რაულ დიუფიის ნამუშევრებიც ინახება.
რენუარის მუზეუმი მდებარეობს Les Collettes-ის მამულში, რომელიც მხატვარმა 1907 წელს შეიძინა. იქ მან ვილა და ორი სახელოსნო ააშენა და სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მამულში რენუარი სხვა ცნობილ მხატვრებსაც მასპინძლობდა, მათ შორის ანრი მატისის, პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანისა და კლოდ მონეს.
რენუარი 1919 წელს გარდაიცვალა, მის სახლში კი მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა.