უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც „რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან“. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკი 6 სექტემბერს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ისინი უკრაინის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდნენ.
ზელენსკის თქმით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა მას სწორედ ის მესიჯი გადასცეს, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს, რადგან, მისი შეფასებით, რუსეთის მოქმედებები ბრძოლის ველზე და ბოლო პერიოდში განხორციელებული იერიშების ესკალაცია კომპრომისისთვის მზადყოფნას არ მიუთითებს.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვლადიმირ პუტინი „მზად არის განიხილოს“ მოლაპარაკებების პროცესის წინსვლის იდეები.
მისი თქმით, ამერიკელი წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიპლომატიური პროცესის „განბლოკვა“ იყო. მათ ასევე ახალი იდეები ჩამოიტანეს, მათ შორის ზამთრის პერიოდში დეესკალაციის შესაძლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ ობიექტებს, მარცვლეულის მიწოდებას, ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე ნავთობისა და გაზის ექსპორტს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, სექტემბერი და ოქტომბერი დიპლომატიური პროცესის განახლებისთვის გამოიყენოს და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.