უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოეს კვირებში რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პირობებს ერთობლივად მოამზადებენ. ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ წყარომ განუცხადა.
წყაროს ცნობით, ოთხი ქვეყანა შეთანხმებულ პირობებს რუსეთის მხარესთან მომავალ მოლაპარაკებებზე წარადგენს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ემანუელ ბონმა, 6 სექტემბერს კიევში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ბონის ვიზიტმა შესაძლებლობა მისცა ევროპულ მხარეს, ერთი მხრივ, ამერიკელებისგან მოესმინა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მათი შეხვედრის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, შეეთანხმებინა შემდგომი ნაბიჯები.
უიტკოფმა და კუშნერმა ევროპელ და უკრაინელ წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვში, მათი შეფასებით, მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალი მზადყოფნა გაჩნდა. ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ასევე მიუთითეს, რომ ამ კონტექსტში საჭიროა სამშვიდობო პროცესის ახალი ეტაპისთვის მომზადება.
თუმცა, ამერიკელ წარმომადგენლებს შესაძლო მოლაპარაკებების კონკრეტული პირობები არ დაუკონკრეტებიათ.
ამასთან, უკრაინამ და ევროპელმა პარტნიორებმა მოლაპარაკებების საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს. მათ შორისაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული საკითხები, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და სხვა საკითხები.
საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირებში ერთმანეთთან მუდმივ კავშირზე იქნებიან და უკრაინასთან ერთად იმუშავებენ მოლაპარაკებების მკაფიო პირობების შემუშავებაზე.
წყაროს ცნობით, მათი მიზანია ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომლებიც უკრაინისთვის მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას უზრუნველყოფს.