კრემლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა მშვიდობისკენ გადადგმული „პატარა ნაბიჯია“.
„უდავოდ, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ეფექტურია, მშვიდობისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი „ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს“ ამერიკელი მომლაპარაკებლების ძალისხმევას რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით.
პესკოვმა ასევე არ გამორიცხა სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის განახლების შესაძლებლობა, რომლის შესახებაც კიევში ჯარედ კუშნერმა ისაუბრა. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების კონკრეტულ ადგილსა და ვადებზე.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრის შედეგები უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფთან, ასევე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებთან განიხილა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურად და ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დიპლომატია გაგრძელდეს. კონკრეტულად განვიხილეთ ჩვენი საჭიროებები საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, შესაბამისი ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ზამთრისთვის აუცილებელი პაკეტი“, - დაწერა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პარტნიორებმა იციან, „რამ შეიძლება იმუშაოს და რა უნდა ამოქმედდეს სწორედ ზამთრისთვის“.
„ვაკოორდინირებთ შემდგომ ნაბიჯებს. ვამზადებთ მომდევნო შეხვედრებსა და კომუნიკაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Financial Times-ის ცნობით კი, უიტკოფისა და კუშნერის მრავალსაათიან მოლაპარაკებებს კიევში და მოსკოვში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. გამოცემის წყაროების მიხედვით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მხარეებს ადრე შემუშავებული სამშვიდობო დოკუმენტების განახლებული ვერსიები წარუდგინეს, რომლებშიც ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები იყო გათვალისწინებული.
წყაროების თქმით, ამერიკელ წარმომადგენლებს ბევრი ახალი იდეა არ ჰქონდათ. მათი მთავარი მიზანი იყო ადრე წარმოდგენილი წინადადებების ხელახლა ამოქმედება და კიევსა და მოსკოვს შორის პოზიციების დაახლოების მცდელობა.
ამასთან, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის ტერიტორიული საკითხი, განსაკუთრებით დონბასთან დაკავშირებით. უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ ეთანხმება, მაშინ როცა რუსეთის პოზიციები კვლავ მკაცრია.
ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ პროცესში გარკვეული იმპულსი გაჩნდა. თუმცა, გარღვევის შესახებ შეთანხმება არ გამოცხადებულა.