აშშ-ის ქალაქ მაიამიში, საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Amazon Prime Air-ის რეისი 7598, რომელსაც ავიაკომპანია 21 Air ასრულებდა, პუერტო-რიკოს სან-ხუანიდან მაიამიში მიფრინავდა. Boeing 767-300-ის ტიპის თვითმფრინავმა დაშვებისას ასაფრენი ბილიკი გადაკვეთა, აეროპორტის მიმდებარე გზაზე გადავიდა და რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი და 60-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ერთეული მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობის პარალელურად, საწვავის გაჟონვის საფრთხეც შეიქმნა, რომელიც მაშველებმა გააუვნებელყვეს.
კატასტროფის შემდეგ მაიამის აეროპორტში გარკვეული დროით ყველა ოპერაცია შეჩერდა. ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა, თუმცა მოგვიანებით აეროპორტის ორი ასაფრენი ბილიკი კვლავ გაიხსნა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიებას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია აწარმოებენ. ხელისუფლების განცხადებით, ჯერ უცნობია, დაღუპულთაგან რამდენი იმყოფებოდა თვითმფრინავში და რამდენი იმ ავტომობილებში, რომლებსაც თვითმფრინავი დაეჯახა.