მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე. რეალურად, საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, ისინი ვინც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საკითხის ირგვლივ არ ფლობდნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე, რის თაობაზეც ისმებოდა შეკითხვები, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდგომ განაცხადა.
ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში.
"ჩემს ჩვენებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება, „არ ვიცი, არ ვიცი“ არ წერია. მინდა, რომ ეს პიარ ხრიკი დავუნგრიო „ქართული ოცნების“ უნიჭო პიარ მენეჯერებს და ვთქვა, რომ ამ ჩვენებაში წერია ზუსტად ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე.
მე ვითხოვ გამოძიებას და ამ ჩვენებაშიც ეს მაქვს ასახული, ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილის პირველ ეპიზოდზე, ანუ მდინარაძე-კობახიძემ შეუგზავნა მას თებერვალში გაზეთი „ასავალ-დასავალი“. ვითხოვ დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში“, სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე?
დღეიდან ისმება კითხვები უკვე გარეჯთან მიმართებაში და რაც შეეხება თვითმკვლელობას, თვითმკვლელობის დეტალებზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს.
მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს. მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად. მე ვრეაგირებ იმ წერილებზე, სადაც ჩემი გვარია ნახსენები. წინასწარ მე, მაგალითად, არაფერი არ ვიცი და მივყვებით მოვლენებს", - განაცხადა ინაშვილმა.