აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული დახმარების სანაცვლოდ ევროპის ქვეყნებისგან კომპენსაციის მიღებას მოითხოვს.
ტრამპმა ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა.
ამერიკის პრეზიდენტმა პოსტის დიდი ნაწილი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მარაგებს დაუთმო.
„ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალას იმ მოცულობით, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ვაგროვებთ მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. ჩვენ მათ ჩვენთვის, აშშ-ისთვის ვინახავთ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებს მივყიდოთ, თუმცა მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე განახლდება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, მისი გამოყენებული რაოდენობისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა თითქოს უსასყიდლოდ გადასცა.
„ასობით მილიარდი დოლარი უკრაინასა და ნატო-ს უსასყიდლოდ გადაეცა -ეს თანხა ევროპას უნდა გადაეხადა, მხოლოდ რომ მოეთხოვათ, მაგრამ ჩვენ ამ ფულს მოვითხოვთ, თუნდაც გარკვეული დაგვიანებით!“ – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს ადამიანებს და მედიასაშუალებებს, ვინც „არაზუსტად“ აშუქებს აშშ-ის ოპერაციას სპარსეთის ყურეში. ტრამპი მათ მოღალატეებს უწოდებს.
„ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ ჩვენ საბრძოლო მასალა არ გვაქვს (და ისინი 100%-ით ცდებიან!), სინამდვილეში მოღალატეები არიან. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ურჩევნიათ, შეერთებულმა შტატებმა წააგოს ომი, რომელსაც ჩვენ იოლად ვიგებთ, ვიდრე მე გავიმარჯვო. იმ მოღალატე ნაძირალებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ, ზუსტად გააშუქონ ჩვენი სამხედრო ოპერაცია ირანში: ჩვენ გვაქვს საშუალო და მაღალი კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობა – გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო გამოგვეყენებინა ამ ომში ან ნებისმიერ სხვა ომში (რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს!). გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალას აქამდე არნახული მასშტაბებით. ვაგროვებთ მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის, რომელიც შეიძლება, განვითარდეს. ჩვენ ამ საბრძოლო მასალას ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და არა სხვებისთვის მისაყიდად, თუმცა მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე კვლავ დაიწყება“, – წერს ტრამპი.