2 სექტემბერს, გამთენიისას, სტამბოლის სანაპიროსთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი სხვა გემს შეეჯახა და შეჯახებიდან 11 წუთში ჩაიძირა. თურქული მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულად მიიჩნევა.
შემთხვევა დაახლოებით 03:15 საათზე, სილივრიდან 35 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სატვირთო გემი Tuğberk İmamoğlu ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კარადენიზ ერეღლიში მიემართებოდა და ფოლადის რულონები და სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.
მეორე გემი - ტანკერი Alsu ქოჯაელიდან ეგეოსის ზღვის პორტ ალიაღისკენ მიემართებოდა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურალოღლუს განცხადებით, გემი ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 11 წუთში ჩაიძირა.
„შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ტანკერი Alsu, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ ცურავს, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. პორტებს შორისმ სადაც ის შედიოდა, არის ნოვოროსიისკის პორტიც.
მისი თქმით, Tuğberk İmamoğlu-ს ეკიპაჟის 10-ვე წევრი თურქეთის მოქალაქე იყო.
სავარაუდოდ, ჩაძირული გემი დაახლოებით 800-900 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც გემისა და მისი ეკიპაჟის ძებნას ართულებს. თურქეთის სანაპირო დაცვის, სანაპიროზე უსაფრთხოების გენერალური სამმართველოს, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სტამბოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სააგენტოს მიერ შემთხვევის ადგილზე სამაშველო კატარღები, თვითმფრინავები და პერსონალი გაიგზავნა.