რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ორი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ქალაქზე მასირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაზიანებულია 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი - რამდენიმე სართულზე ბინებია დანგრეული. მეზობელ სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა ავტომობილებიც.
გარდა ამისა, დაზიანდა ოფისის შენობები და ორი სასწავლო დაწესებულება.
ადგილზე მუშაობენ ოპერატიული და შესაბამისი სამსახურები. ენერგეტიკოსები ელექტრომომარაგების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას ცდილობენ.
მოსახლეობისთვის ადგილზე ოპერატიული შტაბებია განთავსებული, სადაც მათ საჭირო დახმარების მიღება შეუძლიათ.