უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის ოლქის ბუჩის რაიონში მდებარე საწყობებში გაჩენილ ხანძარს ეხმიანება.
გუშინ საღამოდან კიევის მახლობლად, სოფელ მილაში, რუსეთის დრონის იერიშის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შეიქმნა საკოორდინაციო ცენტრები, რათა მოსახლეობას დახმარება გაეწიოს. ყველა საჭირო სამსახური მობილიზებულია. ადგილზე მუშაობენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფებიმ ჩართულია 300-ზე მეტი თანამშრომელი.
დარტყმა განხორციელდა საწყობზე, რასაც შემდგომი დეტონაცია მოჰყვა. სამწუხაროდ, მიმდებარე ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა - საცხოვრებელი სახლები, ასევე ხანდაზმულებისა და შშმ პირების დაწესებულება.
ამ დროისთვის დაღუპულად 27 ადამიანია ცნობილი. მათ შორის იყო დმიტროვის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც ადამიანების გადარჩენას ცდილობდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დაშავდა ათობით ადამიანი. უკვე 370-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და ევაკუაცია კვლავ გრძელდება.
მოვისმინე პრემიერ-მინისტრ სერჰი კორცკისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ივან ვიჰივსკის ანგარიშები. ვინც ეს დაუშვა, მიღებული გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ეროვნული პოლიციისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები წინასასამართლო გამოძიებას ატარებენ. ოფიციალური გულგრილობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
არსებობს შესაბამისი რეგულაციები - საბრძოლო მასალის შენახვა საცხოვრებელ სახლებთან ან სხვა საცხოვრებელ ტერიტორიებთან ახლოს დაუშვებელია. შესაბამისი დასკვნები, რა თქმა უნდა, გაკეთდება.
ღამით ჩვენს რეგიონებზე სხვა დარტყმებიც განხორციელდა - ოდესის, დნიპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონის, ხარკოვის, მიკოლაივის, დონეცკისა და ჩერნიჰივის ოლქებში.
გამოყენებული იყო 260-ზე მეტი დამრტყმელი დრონი, მათ შორის „ბანდეროლის“ ტიპის დრონები. კიევი პრაქტიკულად უწყვეტად იბომბება რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონებით.
უკრაინა არ უნდა დარჩეს მარტო მსგავსი თავდასხმებისგან თავდაცვის გზების ძიებაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება დამატებითი მხარდაჭერის პაკეტებითა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ღონისძიებებით", - წერს ზელენსკი.