უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი დიდი ხნის წინ შეიძლებოდა წარმატებით დასრულებულიყო, თუმცა მოსკოვს აგრესიის შეწყვეტა არ სურს.
„მშვიდობა უკვე დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ აინტერესებს, მოსკოვში ხელისუფლებაშია. მათ უკვე ნაკლები ბენზინი აქვთ, ნაკლები ექსპორტი და ნაკლები ლოგისტიკური შესაძლებლობები. ისტორიაში პირველად რუსეთი ბენზინის იმპორტს ახორციელებს და ბიუჯეტის სახსრებს ფაქტობრივად ნავთობკომპანიების მხარდასაჭერად ხარჯავს. და ასეთი დანაკარგები კიდევ უფრო გაიზრდევა, თუ რუსეთს ამ ომის დასრულებაზე ნორმალურად საუბრის სურვილი არ ექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ომის დასრულების ნაცვლად, რუსეთმა ტერორის გაძლიერების ტაქტიკა აირჩია.
„კიევში საჰაერო განგაში ერთმანეთის მიყოლებით ცხადდება და, სამწუხაროდ, მას სწორედ რეაქტიული „შაჰედები“ მოჰყვება. იგივე ხდება ჩვენს სხვა ქალაქებსა და თემებში - მუდმივი დარტყმებია ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, სუმის, ჩერნიჰივისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე, ჩვენს ხერსონზე. კიევის ოლქში ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმოებიც დაზიანდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა უკვე იყენებს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა არსებულ საშუალებას და აუცილებელია რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ ჩამჭრელიეაკეტების წარმოების მნიშვნელოვნად დაჩქარება, რათა დიპლომატიურ ზომებთან ერთად რუსეთმა უფრო მკაფიოდ იგრძნოს პასუხისმგებლობა ომის გაგრძელების გადაწყვეტილებისთვის.