მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, დავით ხომერიკი და სიმონ მახარაძე.
მანამდე ცნობილი გახდა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის გათავისუფლების შესახებ.
სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში" საბა ჯიქიამ ვიდეო განათავსა, სადაც ამბობს: "მეგობრებო, დიახ, მე გარეთ ვარ".
საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გურამ ხუტაშვილსა და 23 წლის დანიელ მუმლაძეს რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.
ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.