"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სასამართლოს სისტემაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის დროულად გამოსწორებას სთხოვენ.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი არ არის, რომ მოსამართლეები უპირობოდ ასრულებენ პროკურატურის სურვილებს და არ იზიარებენ დაცვის მხარის არგუმენტებს, ასევე კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასთან დაკავშირებით, რაც 0, 4%-ს არ სცილდება.
"ადამიანები თანახმა არიან, რომ აღიარონ ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. მთელი ეს პროცესი უკვე სასამართლოს მეშვეობით რეგულირდება. ზემდგომი მოსამართლეები ახდენენ გასაუბრებას ქვემდგომ მოსამართლეებზე საქმის შინაარსობრივ საკითხებზე და სწორედ ამ გასაუბრებების დროს ხდება მათთვის დირექტივების მიცემა", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, "ურჩი და გმირი" მოსამართლეების დასჯის მექანიზმად მივლინებები შემოიღეს და მათ სოფლებში უშვებენ და ამის გამო დღეს უკვე მოსამართლეების 70% მოვალეობას იქ აღარ ასრულებს, სადაც დანიშნულია.
"ასე რომ, მოსამართლების ელიტარული ნაწილი კონტროლს ახდენს სასამართლოზე. ეს ვერ ჩაითვლება სამართლიანად" - განაცხადა ლალიაშვილმა და მთელ ამ მოვლენებს "სირცხვილი" უწოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კი "ქრისტიან-დემოკრატებმა" ე.წ. მივლინებების პრაქტიკის გაუქმება, მოსამართლეების შრომის ანაზღაურების და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების წესების გადახედვა მოითხოვა.