ევროკავშირმა უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელი მასირებული თავდასხმების საპასუხოდ სანქციების სიაში კიდევ ხუთი პირი შეიყვანა, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან კავშირში.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, უკრაინაზე ყოველი ახალი თავდასხმა ევროპისთვის რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების საფუძველია.
„რადგან რუსეთის არმია ბრძოლის ველზე ჩიხშია მოქცეული, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს მანამდე ვიდრე მოსკოვი ომს არ შეწყვეტს“, - განაცხადა კალასმა.