უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ დაახლოებით 50 ათასი სამხედრო დაკარგა, ხოლო 400 ათასი დაიჭრა.
ამის შესახებ მან ამერიკული ტელეარხ Fox News-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ბოდიში, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ თემაზე ზედმეტად გახსნილი არ მინდა ვიყო, რადგან რუსები მიხვდებიან, რა ხდება ჩვენს არმიაში. დაახლოებით 50 ათასი დაღუპული სამხედრო გვყავს და დაახლოებით 400 ათასი დაჭრილი. ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობაც დიდია“. - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა ომში უკრაინასთან შედარებით, ზელენსკიმ განაცხადა:
„მათ 1,6 მილიონი დანაკარგი აქვთ და დაახლოებით 700 ათასი დაღუპული.“
კითხვაზე, იმარჯვებს თუ არა ახლა უკრაინა, ზელენსკიმ უპასუხა:
„რეალურ ვითარებაში, ბრძოლის ველზე, მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა რუსეთის ხელში არ არის. ჩვენ არ ვმარცხდებით და ისინი არ იმარჯვებენ.“
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, აშშ-ისა და ირანის კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან არ განუხილავს.
მისი თქმით, რუსეთმა ირანს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ისრაელზე თავდასხმებისთვის დრონები გადასცა, ასევე მიაწოდა სატელიტური გამოსახულებები, რომლებზეც ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაა ასახული.
„რუსეთი ძალიან კმაყოფილია. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ისინი ძალიან გახარებულები არიან, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ჯერ არ დასრულებულა. რატომ? იმიტომ, რომ ესმით: სანამ შეერთებული შტატები ამ ომშია ჩართული, უკრაინას იმავე დონეზე ვეღარ დაეხმარება, როგორც ადრე, მაგალითად, Patriot-ის სისტემებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.