უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია პიტერ სიიარტოს კონტაქტებზე რუსეთში, რაც მადიარმა ღალატის აქტად შეაფასა.
ამ ეტაპზე მადიარი საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, რადგან, როგორც თავად განმარტა, არ სურს წინასწარ შეფასებების გაკეთება და გამოძიებაზე გავლენის მოხდენა.
მისი თქმით, საქმეში ბევრი საიდუმლო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტია, ამიტომ პროცედურის მიმდინარეობაში ჩარევა არ სურს.
„როგორც კი იქნება ისეთი ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც შესაძლებელი გახდება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, - განაცხადა მადიარმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში გადადის სამუშაოდ.