გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთო პოზიციას აყალიბებენ.
მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო იქნება, განსაკუთრებით უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებში.
მერცმა აღნიშნა, რომ მას ოპტიმიზმს აძლევს ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც „რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, რაც მისი შეფასებით მკაფიო სიგნალია.
კანცლერის თქმით, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა დეტალურად განიხილეს შემდეგი ნაბიჯები და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციები. მისი შეფასებით, ეს აძლიერებს იმედს, რომ ევროპა და აშშ ერთობლივად იმუშავებენ ომის დასასრულებლად.
„ის, რაც ჩვენ ყველას გვაძლევს თავდაჯერებულობის საფუძველს, არის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. და ვფიქრობ, ეს მკაფიო სიგნალია,“ - განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან ევიანში, G7-ის სამიტის ფარგლებში.
ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა როგორც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, ასევე რუსეთზე ზეწოლის ზრდა, რათა მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.
შეკითხვაზე, მისცა თუ არა ტრამპმა დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და რომ ევროპელები მომავალში ომის დასრულების მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებოდნენ, მერცმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ეჭვქვეშ საერთოდ არ დამდგარა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს ომის სამხედრო გზით მოგებას. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა ომისა და სანქციების შედეგად ზარალდება, რაც „მშვიდობის შესაძლებლობას ქმნის“.
მერცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „თანდათან უფრო იზიარებს ამ შეფასებას და ახლა ჩვენთან ერთად ეძებს გზას ამ ომის დასასრულებლად“.