ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკომისიის აღნიშული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.
„მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია ხუთი პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.
„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან. აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება. საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“,-