ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისებრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანაა, ეს უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლსწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკასაც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ურთიერთობების საბოლოო ჯამში გაღრმავება და რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება.
„რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული საწყისებია, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთია ქართველი ხალხის და მათი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა, მანდატების არგამოყენება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ვალდებულებაც კი არის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მოსაწონი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა გორდულაძემ.