პეტერ ფიშერს გარკვეული მიზეზები აქვს, რომ საქართველოს მიმართ ესოდენ მკვახე გამონათქვამები ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.
ვოლსკის თქმით, პეტერ ფიშერმა გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობებს სერიოზული ზარალი მოუტანა.
„აქ გარკვეული პიროვნული თემებიცაა, მაგრამ მის წარმოდგენაში ევროკავშირი ისაა, რაზეც მარტა კოსი ლაპარაკობს, როცა კრიტიკა თუ თვითკრიტიკა პრორუსულად ითვლება. ეს სტანდარტი ევროკავშირში არ უნდა იყოს, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ იმ საშუალო თუ უმაღლესი მონაცემებით, რომელიც ევროპულ ქვეყანას ახასიათებს. თუ ამ სტანდარტებით წინ ვართ, იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებების ან ბიუროკრატიის კრიტიკა თავად ნიშნავს ევროკავშირისგან დაცილებას, არათუ უსამართლობაა, არამედ გეგმაზომიერი მავნებლობაა, რასაც პიტერ ფიშერი ჩადის.
პეტერ ფიშერმა გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ურთიერთობებში სერიოზული პრობლემა შემოიტანა. ელჩის ფიგურაა, რომელიც დედაქალაქს ინფორმაციას აწვდის. მისი ინფორმაცია ინტენსიურად არასწორია, როგორც ამას ღია განცხადებებში ვხედავთ. ის არასწორად ახასიათებს საქართველოს, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროპისკენ სვლა, მაშინ როდესაც მსოფლიოს ყველა ინსტიტუტი გვეუბნება, რომ საქართველო მოწინავეთა შორისაა იმ სტანდარტების მიღწევაში, რასაც ეს ასოცირების ხელშეკრულება განაპირობებს. საქართველოს ომში ჩათრევა თუ უნდათ და ამაზე წინააღმდეგი ვართ, ეს ანტიევროპულობას არ ნიშნავს, მით უმეტეს, პრორუსულობას. გერმანია-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ გართულებულია და ამაში ლომის წილი ელჩს ეკუთვნის, რომელიც ინსტრუქციებს იქით აძლევს დედაქალაქს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოსთან მიმართ. შედეგი ამის არის ის, რომ ამდენი ხანია, ჩვენი ელჩი წარდგენილია და იქ სათანადო განხილვა არ აქვს ამ თემას. ასე რომ, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ გამოხატულებად, მაგრამ იმედს გვაძლევს გამონათქვამები, რომელიც ჰქონდა გერმანიის მაღალ წარმომადგენელს, როცა ვიშეგრადის ჯგუფი იყო ჩამოსული. ზოგიერთი საკითხი მან ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია [გერმანიის ვებ-გვერდზე]. თუკი ტექნიკურია, ან თუკი ეს გარკვეული დიპლომატიური ჟესტია თავის მართლების ასეთი ფორმა, ჩვენთვის ეს მისაღებია და მოველით რომ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.