ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“ და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები“.
ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
მონიტორინგის კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის ცვლილებების გაუქმებას სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროსაბჭოში წევრობა პრივილეგიაა, რომელიც, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებსაც მოიცავს“ და ორგანიზაციის პრინციპები, სტანდარტები, „არ შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს ან გადაიხედოს“.
კომიტეტი „მიუღებელს“ უწოდებს ინიციატივას „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით“, და აცხადებს, რომ „თუ ეს კურსი გაგრძელდება, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს“.
„მონიტორინგის კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ცნობების გამო.
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.