საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც მონიტორინგის კომტეტმა სამი დღის წინ დაამტკიცა. დოკუმენტი ივნისში უკვე გავა სესიაზე, სადაც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს.
კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში სინანულს გამოთქვამს, რომ ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული და აცხადებს, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები.
"დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად". - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
კომიტეტი „მიუღებლად“ აფასებს ინიციატივას, რომელიც „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით“ ითვალისწინებს.
დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი და სასტიკი რეპრესიები, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი წარმოების ბოროტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობაა, აჩენს პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს წევრობის ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ კონტექსტში სახელმძღვანელოდ იხსენებს თავის რეზოლუციას პოლიტპატიმრის დეფინიციის შესახებ. ამ თვალსაზრისით, იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ, აშკარად შეთითხნილი ბრალდებებით გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო", - ნათქვამია დოკუმენტში.