100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით, საქართველო, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში
ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ, რომელიც ასახავს მონაცემებს 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით. ამ დროისთვის საქართველოს 8 592 პატიმარი ჰყავდა. 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს მაჩვენებელი 231.9-ით განისაზღვრა.
„პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშია კონცენტრირებული, სადაც სისტემები, როგორც წესი, პატიმრობასთან დაკავშირებულ სასჯელებს ანიჭებენ უპირატესობას. რეგიონში ლიდერობს თურქეთი, ყოველ 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით, შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი (271), მოლდოვას რესპუბლიკა (245) და საქართველო (232)“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მონაცემები 2025 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს და აჩვენებს, რომ იმ დროისთვის საქართველოში 8 592 პატიმარი იყო,
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ექვსმა ქვეყანამ, რომელთა მოსახლეობა მილიონს აჭარბებს - უკრაინამ, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, საქართველომ, ესტონეთმა და პოლონეთმა - 2024-2025 წლებში პატიმრობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირება დააფიქსირა. კერძოდ, პატიმრობის მაჩვენებელი 18%--ით შემცირდა უკრაინაში, 16%-ით - სლოვაკეთში, 11%-ით საქართველოში, 9.8%-ით ესტონეთში და 6%-ით - პოლონეთში.
ევროპის საბჭოს გამოქვეყნებული ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ (SPACE I) აჩვენებს, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს ციხეების სერიოზული გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. ასევე, ფიქსირდება ციხეებში ქალთა რაოდენობის მცირედი ზრდა.
SPACE-ის კვლევებს ევროპის საბჭოსთვის ყოველწლიურად ლოზანის უნივერსიტეტი ატარებს. SPACE I მოიცავს ციხის ადმინისტრაციების მონაცემებს, ხოლო SPACE II ფოკუსირებულია პრობაციის მაჩვენებლებზე.
.