ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი.
"ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია", - განაცხადა მან.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.
„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ წამყვან ჯანდაცვის სისტემებს, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ როგორც ფინანსური, ისე ძალიან დიდი ინტელექტუალური და სამეცნიერო შესაძლებლობები იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მსოფლიოში არ აქვთ რეალური პასუხები და უკლებლივ ყველა არის ძიების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენც ჩართული ვართ ამ პროცესში, იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ეს მოგცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. აუცილებელია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული; აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება; აუცილებელია, პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს. აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვის აუცილებლობა უბრალოდ არ არის. ერთადერთი მხარე, ვისთვისაც, შესაძლოა, საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი იყოს. მერწმუნეთ, ეს არაფრით ეხმარება არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებრივ ინტერესს. ყველა მზად არის, სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, იქნება იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.