აშშ-მა სანქციები დაუწესა 11 კუბელ ოფიციალურ პირს, მათ შორის კომუნიკაციების მინისტრსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას, ასევე ქვეყნის მთავარ სადაზვერვო უწყებას. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ კუბის კომუნიკაციების მინისტრი მაირა არევიჩ მარინი, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან ესტებან ლასო ერნანდესი და რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე გენერალი ხოაკინ კინტას სოლა, ასევე რიგი დაბალი რანგის ჩინოვნიკები.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ კუბის სადაზვერვო დირექტორატი (DI), შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული რევოლუციური პოლიცია (PNR). ვაშინგტონი ამ უკანასკნელ სტრუქტურას ადანაშაულებს მობილური ციხეების გამოყენებასა და პროტესტების ჩახშობაში.
„60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კუბის რეჟიმი საკუთარ კომუნისტურ იდეოლოგიასა და პირად გამდიდრებას აყენებდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე მაღლა, ამავდროულად კი კუბას უცხოური სადაზვერვო, სამხედრო და ტერორისტული ოპერაციების პლატფორმად იყენებდა. შეერთებული შტატები გააგრძელებს ზომების მიღებას კუბის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც მის მიზნებს ხელს უწყობს, და მათ წინააღმდეგაც, ვინც საზღვარგარეთ აძლევს ელიტებს გამდიდრების საშუალებას მაშინ, როცა კუბელი ხალხი იტანჯება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.