ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულსა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ის პრიორიტეტული ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც წყალსამეურნეო სისტემების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების მნიშვნელობას, კოლექტორული და შემკრები არხების გაწმენდით სამუშაოებს, წყალგამტარი ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დროული პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცულობისთვის, ისე უხვი ნალექით გამოწვეული შესაძლო რისკების შემცირებისთვის.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებული გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრის გზებზე და კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც შესაბამისი უწყებების ჩართულობით დამატებით დამუშავდება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა და მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს გამოწვევების დროულ იდენტიფიცირებას, მოსახლეობის საჭიროებების უკეთ გააზრებასა და სამომავლო პროექტების უფრო ეფექტიან დაგეგმვას.