გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის ლიდერებს უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. იუწყება Euractiv.
მერკელმა მიანიშნა, რომ როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, საკუთარ თავს არ მიიჩნევს მოლაპარაკებების წამყვანად. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ მოქმედი ევროკავშირის ლიდერებს აღიქვამს სერიოზულად.
„ვნანობ, რომ ჩემი აზრით, ევროპა საკმარისად არ იყენებს საკუთარ დიპლომატიურ პოტენციალს“, - თქვა მან.
ყოფილმა კანცლერმა, ხაზი გაუსვა დიპლომატიური არხების ღიად შენარჩუნების აუცილებლობას.
„სამხედრო შეკავება პლუს დიპლომატიური საქმიანობა - აი, რა არის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მან.
მისი განცხადებები გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც არსებობდა ვარაუდები, რომ ის შესაძლოა დანიშნულიყო ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
ადრე ბრიუსელმა უარყო გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის კანდიდატურა ევროკავშირის შესაძლო სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, მას შემდეგ რაც მისი კანდიდატურა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიო კოშტასთან მან „დეტალურად განიხილა უკრაინისა და მთელი ევროპის მშვიდობისთვის მოლაპარაკებების პროცესის პერსპექტივები“.