უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე კვირაში ექსპერტების დონეზე ახალი კონსულტაციების რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა.
სიბიჰას თქმით, სატელეფონო საუბრისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან მან დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, „დაუყოვნებლივ გახსნას ახალი, ურთიერთსასარგებლო ეტაპი“ ორმხრივ ურთიერთობებში.
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ყველა მიმართულებით, მათ შორის ეროვნული უმცირესობების საკითხზე, რათა აღდგეს ნდობა და გაძლიერდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები", - წერს სიბიჰა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მიზანი იქნება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძებნა უნგრელი უმცირესობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინის ზაკარპატიის რეგიონში, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.
საუბრისას განხილული იყო ფართო რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც. სიბიჰამ ასევე აღნიშნა უკრაინის მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერული პროცესის სწრაფად გახსნასთან დაკავშირებით.
„მე დავაყენე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩვენს მზადყოფნას, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას მოლაპარაკებების კლასტერული მიმართულებები“, - წერს ანდრი სიბიჰა.