მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია ოლქის გუბერნატორ, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვორობიოვის თქმით, ხიმკის რაიონის სტარბეევოს მიკრორაიონში უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეცა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება.
ვორობიოვის ინფორმაციით, ორი კაცი დაიღუპა მიტიშჩის რაიონის სოფელ პოგორელკიში, სადაც დრონი მშენებარე სახლს მოხვდა.
დრონების თავდასხმის ქვეშ მოეცა დედოვსკიც, სადაც სამი კაცი და ერთი ქალი დაშავდა.
ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, აგროგოროდოკის დასახლებაში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ექვსი კერძო სახლი.
კრასნოგორსკის პუტილკოვოს მიკრორაიონში დაზიანდა რამდენიმე ბინა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნარო-ფომინსკის ოლქის სოფელ სუბოტინოში კერძო სახლი დაიწვა.