ევროპის კიდევ სამმა ქვეყანამ - მონტენეგრომ, რუმინეთმა და სან მარინომ ევროპის საბჭოს აცნობა, რომ მზად არიან შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებელი სპეციალურ ტრიბუნალთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა.
„მივესალმები, რომ მონტენეგრომ, რუმინეთმა და სან მარინომ ევროპის საბჭოს აცნობეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის თაობაზე“, - დაწერა სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, შეთანხმებას უკვე 32 სახელმწიფო შეუერთდა და პროცესი სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს.
„ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პარასკევს, მოლდოვაში, ეს შეთანხმება დაამტკიცოს“, - აღნიშნა მინისტრმა.
სიბიჰამ ასევე მადლობა გადაუხადა მონტენეგროს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ერვინ იბრაჰიმოვიჩს, რუმინეთის წარმომადგენელს ოანა-სილვია ცოიუს და სან მარინოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ლუკა ბეკკარის ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, შემოგვიერთდნენ და უზრუნველყონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებლობის დაკისრება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობილია, რომ 14-15 მაისს კიშინიოვში ევროპის საბჭო სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედების მიმართულებით მორიგ ნაბიჯს გადადგამს და მისი მმართველი კომიტეტის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, მოსამზადებელი ეტაპების დასრულების შემდეგ ტრიბუნალმა სრულფასოვანი საქმიანობა უნდა დაიწყოს - მათ შორის გამოძიებები, ბრალდებების წარდგენა, სასამართლო პროცესები და აგრესიის დანაშაულზე განაჩენების გამოტანა.