მედიის ცნობით, 8 მაისის დილით უპილოტო საფრენი აპარატები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მდებარე ხანკალას რაიონს დაესხნენ თავს, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე გახდა დასახლება ზნამენსკოეში მდებარე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) შენობა.
გავრცელებული ცნობებით, გროზნოში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა, რაც ვიდეომასალებშიც ჩანს. Astra-ს მონაცემებით, ერთი დარტყმა ხანკალას რაიონზე განხორციელდა, ხოლო მეორე - ჩეჩნეთის დედაქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხანკალაში, რომელიც გროზნოს გარეუბანია, რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს. იქვე განთავსებულია 42-ე გვარდიული მოტომსროლელი დივიზიის შტაბიც, რომელიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის.
მედიის ცნობით, რკინიგზის სადგური გროზნოს ცენტრალურ ნაწილში, რამზან კადიროვის რეზიდენციიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 1,2 კილომეტრში „გროზნი-სიტის“ კომპლექსიდან. ასევე დაახლოებით 120 მეტრში ჩეჩნეთის FSB-ის სამმართველოს შენობა მდებარეობს.