4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა. ასევე ნიკოლ ფაშინიანი. ღონისძიებაში ჩაერთვება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების პროგრესს და გააძლიერებენ თანამშრომლობას ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების სფეროებში. ასევე იმსჯელებენ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ერთობლივ ძალისხმევაზე. დღის წესრიგში იქნება რეგიონული და გლობალური საკითხებიც, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება ევროკავშირი–სომხეთის დაკავშირებადობის პარტნიორობის დაწყება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული სფეროსა და ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებას. ასევე იგეგმება კერძო ევროპული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სომხეთში.
მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მათ შორის სომხეთში ევროკავშირის ახალი პარტნიორობის მისიის შექმნის გზით.
მხარეები ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის „სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის“ ჩამოყალიბებით.
განცხადების თანახმად, ეს პირველი სამიტი ნათლად აჩვენებს ევროკავშირისა და სომხეთის თანამშრომლობის პრაქტიკულ შედეგებს და ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიაში.
სამიტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.