კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ. იუწყება Bloomberg
ფხენიანში, დაღუპული სამხედროებისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნისას გამოსვლის დროს, კიმ ჩენ ინმა განსაკუთრებულად აღნიშნა ის მებრძოლები, რომლებმაც „თავის აფეთქება“ აირჩიეს.
დაღუპულთა ოჯახებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან მაღალი შეფასება მისცა იმ ჯარისკაცების ქმედებებს, რომლებმაც, მისი თქმით, დაუფიქრებლად აირჩიეს სიკვდილი, რათა სამშობლოს ღირსება დაეცვათ. მან ასეთ ქმედებებს „გამორჩეული გმირობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მებრძოლები „გმირული სიკვდილით“ დაიღუპნენ, ყოველგვარი ანაზღაურების მოლოდინის გარეშე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინული დაზვერვისა და ტყვედ აყვანილი სამხედროების ჩვენებების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს მიზანმიმართულად აიძულებენ თვითმკვლელობას, ტყვედ ჩავარდნის საფრთხის შემთხვევაში.
დასავლური და სამხრეთკორეული სადაზვერვო მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ საბრძოლო მოქმედებების ზონაში სულ მცირე 10 000 სამხედრო და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გაგზავნა.
არსებული ცნობებით ჩრდილოეთ კორეის დანაყოფებმა ბრძოლებში მძიმე დანაკარგები განიცადეს.