ჯორჯია მელონი, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარ სროლას ეხმიანებიან.
აშშ-ის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.
„ჩვენს დემოკრატიებში ადგილს ვერანაირი პოლიტიკური სიძულვილი ვერ იპოვის. არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის ადგილები“, - წერს იტალიის პრემიერი.
შოკირებული ვარ ვაშინგტონში, ღამით „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე განვითარებული სცენებით. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრად უნდა დავგმოთ“, - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი X-ზე.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას ადგილი დემოკრატიაში არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი და ამერიკის პირველი ლედი ესწრებოდნენ, სროლა იყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.