რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა დაესწროს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს მაიამიში, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
ამის შესახებ კრემლში განაცხადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა და რომ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ (G8) გარიცხვა შეცდომა იყო. იუწყება Reuters.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთი მიიწვია G20-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელსაც ვაშინგტონი წელს მაიამიში უმასპინძლებს.
"პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა G20-ის სამიტზე მაიამიში გაემგზავროს როგორც წევრი, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ არ წავიდეს და რუსეთის სხვა წარმომადგენელი გაემგზავროს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ამავდროულად, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური მოწვევები ჯერ არ გაგზავნილა.
„რუსეთი G20-ის წევრია და მიწვეული იქნება მინისტრთა შეხვედრებსა და ლიდერების სამიტზე.“ - თქვა მან.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში სათანადოდ იქნება წარმოდგენილი სამიტზე და აღნიშნა, რომ მოსკოვი „დიდ ოცეულს“ ძალიან მნიშვნელოვან ფორმატად მიიჩნევს გლობალურად არსებული კრიზისების ფონზე.
პუტინი G20-ის სამიტებს 2019 წლის შემდეგ არ დასწრებია - ჯერ COVID-19 პანდემიის, ხოლო შემდეგ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო.