სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ახალგორელი 27 წლის თამაზ გოლოევია. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამით ოსი და დედით ქართველი გოლოევი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
"რადიო თავისუფლება" დაკავებულის დედას ესაუბრა.
მისი თქმით, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზორიდან გაიგო. შემდეგ თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“ , - ამბობს თამაზის დედა. მისივე თქმით, შვილისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.