პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომში მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს აღწევს და ვერ შეძლებს გამარჯვებას, ამიტომ დროა ომი შეწყდეს.
ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„პრეზიდენტო პუტინო, არც ერთი ქვეყანა არ ისარგებლებს იმ ადამიანური დანაკარგებით, რასაც ვხედავთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ომი შეჩერდეს, თავიდან ავიცილოთ უკრაინელებისა და რუსების შემდგომი ტანჯვა და ავირჩიოთ სხვა გზა,“ - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, დიდი დანაკარგებით და შეზღუდული სამხედრო შედეგებით, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ეს გზა გამარჯვებას კი არა, მეტ დანაკარგს იწვევს.
ჰარიმ აღნიშნა, რომ ომის ფასი მუდმივად იზრდება და არ არსებობს არც ერთი შედეგი, რომელიც ადამიანურ დანაკარგებს გაამართლებს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უკრაინა მარტო არ არის — მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.
„ახლა ამოცანაა გავაერთიანოთ უკრაინის გამძლეობა სისწრაფესთან, სოლიდარობა მასშტაბთან და ერთგულება თანმიმდევრულობასთან. რაც უკვე გაკეთდა, აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია, და ამ მომენტის მასშტაბი მეტს მოითხოვს,“ - აღნიშნა ჰარიმ.
ამ კონტექსტში მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა.
ჰარიმ განაცხადა, რომ სწრაფად და გადამწყვეტად მიღებულმა ზომებმა სიცოცხლეები გადაარჩინა, ხოლო მკაფიო ვალდებულებები ომების ხანგრძლივობას ამცირებს.
მისი თქმით, განსაკუთრებული როლი ამ პროცესში აქვს ამერიკის შეერთებული შტატებს — არა მხოლოდ მისი სამხედრო და პოლიტიკური ძალის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შემდეგ აშშ გახდა ერთ-ერთი გარანტი უკრაინის სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვისთვის.
„ეს არის მომენტი ამერიკული ლიდერობისთვის,“ - თქვა მან.
მისივე თქმით, ახლა დროა ამერიკამ აჩვენოს, რომ შეუძლია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება — არა ქველმოქმედების, არამედ საკუთარი როლის გამო გლობალურ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში.
ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს მსოფლიო პატივისცემას და აღნიშნა, რომ როდესაც ლიდერები არ სცემენ პატივს სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის სიცოცხლეს, დაკარგული პატივის დაბრუნება რთული და ხანგრძლივი პროცესია.
„უკრაინამ კი საპირისპირო გზა აირჩია. და ეს განსხვავება უფრო ნათელი ვერ იქნება. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მკაფიოდ თქვა: „ჩვენ ვიცავთ ჩვენს სიცოცხლის უფლებას“. ამიტომ კითხვას აღარ წარმოადგენს ის, გადარჩება თუ არა უკრაინა. ამ კითხვას პასუხი თქვენ უკვე გაეცით. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დანარჩენი მსოფლიოს პასუხი თქვენი გამძლეობის შესაბამისი იქნება თუ არა.
რადგან ერთ დღეს, მალე, ეს ომი დასრულდება. და ისტორია არ იკითხავს, რაზე ვლაპარაკობდით — ის იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა, ვინ გამოვიდა წინ და ვინ აირჩია სიმამაცე სიფრთხილის ნაცვლად.
უკრაინამ უკვე გასცა თავისი პასუხი“, — განაცხადა ჰარიმ.