Fox News-ის ჟურნალისტის ჯენიფერ გრიფინის ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მესამე დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ავიამზიდი USS George H. W. Bush, ახლო აღმოსავლეთში მომდევნო 3–5 დღეში ჩავა.
მისი ინფორმაციით, გემები აფრიკის სამხრეთით შემოვლით მარშრუტს მიჰყვებიან. აშშ-ის საზღვაო ძალებმა ავიამზიდის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დააანონსეს . როგორც The Wall Street Journal წერს, 31 მარტს ხომალდი ვირჯინიის შტატში მდებარე ნორფოლკის ბაზიდან გავიდა.
რეგიონში უკვე იმყოფებიან ავიამზიდები USS Abraham Lincoln და USS Gerald R. Ford.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნის საფუძველზე ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივების ბრძანება გასცა, რათა თეირანს შეთანხმებაზე ერთიანი წინადადების მოსამზადებლად დრო მისცემოდა. მან ახალი ზავის კონკრეტული ვადები არ დაასახელა.
გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ტრამპი მზად იყო ირანისთვის კიდევ „3–5 დღე“ მიეცა, თუმცა თავად პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია „ფეიკად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების ახალ თარიღთან დაკავშირებით „ვადებზე არანაირი წნეხი არ არსებობს“.
ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს ირანის პორტებზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნას.