თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე გამართულ პროცესზე პაატა ბურჭულაძემ დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს ეროვნული კრება მან მოიწვია. პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რომ მას არ ესმის ოპოზიციური პარტიების, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უფლებას აძლევს მთელი ყურადღება გადატანილი იქნას ეროვნული კრებიდან მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე".
"მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მყოფი ადამიანებით და ველი სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე" - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მე მოვიწვიე ეროვნული კრება... ქართველ ხალხს, რომლებსაც საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად სჭირდებათ გადაუდებელი ცვლილებები და ამიტომაც, ერთად, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს ადამიანები მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
ჩემი აზრით, ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი. მე არ მესმის, ოპოზიციური პარტიების ისეთი მდგომარეობა, 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ახლა აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და აძლევენ საშუალებას "ქართულ ოცნებას", რომ მთელი ყურადღება გადატანილ იქნეს ეროვნული კრებიდან, მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუსურობა დააბრალა ეროვნულ კრებას.
ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ და ხმამაღლა გამოაცხადა თავისი ნება და მის აღსრულებას ელოდება თქვენგან. იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული არის ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ტროტუარზე დგომაც კი აკრძალა.
ბატონო მოსამართლე მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მყოფი ადამიანებით და ველი სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.