უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ კიევის გოლოსეევის რაიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შეიარაღებული თავდაცვის უფლება. ამასთან, მან პოლიციელების ქცევას, რომლებმაც მისი ცნობით, შემთხვევის ადგილი მიატოვეს, სამარცხვინო უწოდა.
„გუშინდელმა ტრაგედიამ კიევში სავსებით სამართლიანად გააჩინა არაერთი კითხვა. მინდა რამდენიმე საკითხი განვმარტო. პოლიციელი კაცისა და პოლიციელი ქალის ქცევა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, არის სამარცხვინო და უღირსი. ეს სირცხვილია მთელი სისტემისთვის. ისინი უკვე ჩამოშორებულნი არიან სამსახურს და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე მიღებული იქნება დამატებითი საკადრო გადაწყვეტილებები ხელმძღვანელებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კლიმენკომ.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი თანამშრომლის ქცევის გამო მთელი პოლიციის სისტემის განსჯა არასწორია, რადგან ოპერაციის დროს პროფესიონალურად იმოქმედეს სხვა დანაყოფებმა, მათ შორის სპეცდანაყოფმა KORD-მა და კრიმინალურმა ანალიტიკოსებმა.
კლიმენკოს თქმით, თავდამსხმელის ფსიქიკური მდგომარეობა აშკარად არასტაბილური იყო. საჭიროა დადგინდეს, როგორ მიიღო მან იარაღის ლიცენზიის გასაგრძელებლად საჭირო სამედიცინო დოკუმენტები, რაც გამოძიების ნაწილია.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ იარაღის მფლობელების მასობრივი შემოწმება არ იგეგმება.
რაც შეეხება მოქალაქეებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის მოკლელულიანი იარაღის, ფლობის უფლების მინიჭებას, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„მიმაჩნია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შეიარაღებული თავდაცვის უფლება. განსაკუთრებით იმ გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მოქალაქეებს ეროვნული წინააღმდეგობისთვის იარაღი გადაეცემოდათ.“
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება ექსპერტული განხილვები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები, საზოგადოება, ჟურნალისტები და ვეტერანთა საზოგადოება, რათა მომზადდეს მოქალაქეთა იარაღის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია.
კივში გუშიმ მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურორის რუსლან კრავჩენკოს ინფორმაციით, კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.