კიევში მომხდარ თავდასხმას უკრაინის გენერალური პროკურატურა ტერორისტულ აქტად აფასებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის რუსლან კრავჩენკოს ინფორმაციით, კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.
„დედაქალაქის გოლოსეევის რაიონში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისა და მძევლების აყვანის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილით — ტერორისტული აქტი, რომელმაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია,“ - განაცხადა კრავენკომ.
გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტის ქმედებების შედეგად დაიღუპნენ 11 წლის ბიჭის მამა და დედა, ხოლო თავად ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება.
„თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, და ქალი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა. მათი 2015 წელს დაბადებული შვილი ცეცხლნასროლი ჭრილობით ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მას საჭირო დახმარება უტარდება“, — აღნიშნა კრავჩენკომ.
მსროლელი ლიკვიდირებულია. დადგენილია მისი ვინაობა. ის 1968 წელს მოსკოვში დაბადებული დმიტრო ვასილჩენკო რომელმაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ვასილჩენკო უკრაინის მოქალაქეობას ფლობდა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას დანაშაულის გარემოებებისა და მისი მოტივების დასადგენად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობით.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.