საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ კულტურული ფასეულობების დაბრუნებას, რომლებიც ყოფილი კოლონიებიდან უკანონოდ იქნა გატანილი. სენატმა ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ იანვარში დაამტკიცა.
ამის შესახებ Euronews იუწყება.
კანონპროექტი გაამარტივებს იმ კულტურული ფასეულობების დაბრუნების პროცედურას, რომლებიც ყოფილი ფრანგული კოლონიებიდან უკანონოდ გაიტანეს, კერძოდ იმ ნივთების, რომლებიც 1815–დან 1972 წლამდე პერიოდში იქნა გატანილი — ანუ მანამდე, სანამ ძალაში შევიდოდა იუნესკოს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.
გამოცემა Art News-ის ცნობით, არტეფაქტების დასაბრუნებლად ქვეყანამ ოფიციალური მოთხოვნით უნდა მიმართოს და დაამტკიცოს, რომ საფრანგეთმა ისინი უკანონოდ მიიღო.
გადაწყვეტილებას მიიღებს ორმხრივი კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერი-ექსპერტი, მოთხოვნის გამგზავნი ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე მუზეუმების თანამშრომლები და მთავრობის წარმომადგენლები.