მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დაბლოკვისთვის, თუმცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას არ შეეწინააღმდეგება.
აღნიშნული კრედიტი მანამდე დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს.
ბლანარის თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვას აპირებს მანამ, სანამ ის გარანტიებს არ მიიღებს, რომ “დრუჟბა” ნავთობსადენი ხელახლა იქნება გახსნილი.
მისივე თქმით, სლოვაკეთი ცდილობს მიიღოს ნათელი, გამჭვირვალე და დადასტურებადი განცხადება ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის განახლების შესახებ. მანამდე სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სლოვაკეთის ინტერესები არ დაზიანდებოდა.
ამასთან, ბლანარის თქმით, სანქციების შესაძლო დაბლოკვა არ ეხება უკრაინისთვის კრედიტის საკითხს. მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მომავალი მთავრობის პოზიცია მიუთითებს მის მზადყოფნაზე, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფას.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა შესაძლოა აპრილის ბოლომდე განახლდეს.