არსებობენ ადამიანები, რომელთა ყოფიერება ხილულ სასწაულს ჰგავს — არა ხმაურითა და პათეტიკით, არამედ იმ მონასტრული სიმშვიდითა და შინაგანი ლოგოსით, რომელიც სამყაროს წესრიგს ამყარებს. სწორედ ასეთი ფიგურაა ქართულ მეცნიერებაში ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილი — ძველი ქართული მწერლობის, ჰიმნოგრაფიისა და სასულიერო პოეზიის უბადლო მკვლევარი, რომლის ცხოვრების გზაც „საქმით მეტყველების“ საუკეთესო ნიმუშია.
ლაურა გრიგოლაშვილის პიროვნული და პროფესიული ფორმირება უსულო და უღმერთო ცივილიზაციის დომინირების ფაზაში, აგრესიული ათეიზმის ეპოქაში მოხდა. ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც სულიერობაზე ფიქრსაც კი კრძალავდა, ვერ გახდა დაბრკოლება ჭეშმარიტების მაძიებელი სულისთვის. პირიქით, მან შეძლო არა მხოლოდ მარადიულ ფასეულობათა ერთგულება, არამედ — მათი ნამდვილი მსახურება. ქალბატონი ლაურას თაობის გამოსვლა სამეცნიერო ასპარეზზე ქართულ ფილოლოგიაში ნამდვილ გარღვევად შეფასდება. იმ დროს, როდესაც რელიგიური თემატიკა მარგინალიზებული იყო, მან აირჩია ჰიმნოგრაფია — სფერო, რომელიც მისთვის აზროვნების წესად და სულში ჩაღვრილ სათნოებად იქცა.
მეცნიერმა უღვთო დროში თავისი სადისერტაციო ნაშრომით აკადემიურ სივრცეში დაამკვიდრა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ესთეტიკა. ეს იყო ნამდვილი პარადოქსი და დინების საწინააღმდეგოდ სვლა: წერა ქრისტოლოგიაზე, ცოდვით დაცემაზე, ესქატოლოგიასა და სულის ხსნაზე მაშინ, როცა გარეთ უსამშობლო კოსმოპოლიტები თარეშობდნენ. იმ პერიოდში აღმაშენებლის სულიერ მემკვიდრეობასთან შეხება გმირობის ტოლფასი იყო. ლაურა გრიგოლაშვილმა შექმნა კვლევის ახალი მეთოდოლოგია, რომელშიც რელიგიურ-მისტიკური და მხატვრულ-ესთეტიკური ანალიზი ერთიანდება. მან სასულიერო პოეზია გაგვიცხადა არა როგორც სტატიკური ტექსტი, არამედ — როგორც კოდირებული ინფორმაციის ცოცხალი სისტემა. მისი წყალობით, ღვთისმეტყველება ლიტერატურაში რეალიზებულ სინამდვილედ იქცა.
ქალბატონი ლაურა ხშირად იხსენებს იმ შინაგან წნეხს, რომელსაც საბჭოთა სასწავლო სისტემაში განიცდიდა, თუმცა მუდამ ჰქონდა „ცის გახსნის“ მოლოდინი. ეს მოლოდინი გამართლდა — მან იპოვა ის სულიერი გზამკვლევები, რომლებმაც ძველი ჭეშმარიტება გაუცხადეს. ალბათ ამიტომაც, მისი ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასულიერო სემინარია-აკადემიასა თუ ქართულ უნივერსიტეტში ლოცვას ჰგავდა. სტუდენტებისთვის ის იყო ლექტორი, რომელიც გვეხმარებოდა აღქმის ინერციული ფორმების შეცვლაში.
მახსენდება მეოცე საუკუნის მიწურულის უმძიმესი წლები — სამოქალაქო ომი, სიცივე, შიმშილი და საყოველთაო ნიჰილიზმი. ამ აპოკალიფსურ გარემოში ქალბატონი ლაურა იყო ის ზნეობრივი ორიენტირი, რომელიც გვივსებდა დაკარგული რომანტიკისა და სიყვარულის სივრცეს. გასაოცარია მისი თანადგომის უნარი; კათედრაზე ხუმრობდნენ კიდეც — „ყველას მამიდა როგორ ხარო“. მას შეეძლო ბოლომდე მოესმინა ჩვენი მოუმწიფებელი ფილოლოგიური „აღმოჩენებისთვის“ და მათში აუცილებლად ეპოვა ის ერთი სიტყვა, რომელიც ახალი აზრის განვითარებისთვის ბიძგს მოგვცემდა. მისი, როგორც პედაგოგის, უმთავრესი მისია მაინც სტუდენტის ესთეტიკური ემოციის ფორმირება და ნამდვილი მკითხველის აღზრდა იყო.
ლაურა გრიგოლაშვილის ღვაწლი სასკოლო განათლებაშიც ფასდაუდებელია. მანანა გიგინეიშვილსა და ვახტანგ როდონაიასთან ერთად შექმნილი ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (1999 წ.) დღემდე რჩება სამაგიდო წიგნად. მასში მოცემული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და სახისმეტყველებითი კომენტარები მაღალი აკადემიზმის ნიმუშია, რომელიც გზას უკაფავს არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ — თავად მასწავლებლებსაც.
დღეს, როდესაც ეროვნული ნიჰილიზმი და ღირებულებათა კრიზისი ასე მწვავედ იგრძნობა, მისი ცხოვრებისეული კრედო — „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა“და სიტყვები: „არ მოვწყდეთ ქართული სულიერი კულტურის ფესვებს“ — დღესაც გაფრთხილებად გაისმის, სამომავლო გზად გვესახება.
ამ 90 წლის გადასახედიდან ლაურა გრიგოლაშვილის ცხოვრება ჰგავს იმ მრავალსაუკუნოვან ხელნაწერს, რომელსაც თავადვე ასე რუდუნებით იკვლევდა და პროფესიული ღირსებით წერდა. ეს გზა რთულ ეპოქალურ ქარტეხილებზე გადიოდა, თუმცა მეცნიერმა შეძლო, უღმერთო დროის ხმაურში ეპოვა ის „იდუმალი მელოსი“, რომელიც მარადისობასთან აკავშირებს ადამიანს. მისი ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ აკადემიური კარიერა — ეს იყო სულიერი მისია, რომელიც ასე აკლია დღეს ჩვენს ყოფიერებას.
ცხრა ათეული წელი — უხმაურო ცხოვრების სახეობა, „უმეტესად საქმითა და უმცირესად სიტყვითა“. ჭეშმარიტი მეცნიერება მხოლოდ ცოდნა კი არა, სხვისი თანადგომის, სხვისი მცირე აღმოჩენით გახარებისა და მოყვასის სიყვარულის ხელოვნებაა. სწორედ ამ უბრალოებასა და სათნოებაშია ლ. გრიგოლაშვილის ცხოვრების მთავარი მშვენიერება — 90 წელი, რომელიც თავად იქცა ჰიმნად — ერთგულების, რწმენისა და ადამიანობის ჰიმნად.





