უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ოკუპანტების მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას ლუცკზე და აღნიშნა, რომ რუსები უგულებელყოფენ აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებს.
„ღამით რუსული „შაჰედებით“ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ლუცკში ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება.
დარტყმები მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა: რუსებმა გაანადგურეს სურსათის საწყობები და „ნოვა პოჩტას“ ტერმინალი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და მუნიციპალური სამსახურების ყველა საჭირო რესურსი უკვე მობილიზებულია ამ თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.
გუშინ ღამით რუსეთის თავდასხმა განხორციელდა დნიპროპეტროვსკის, ჟიტომირის, პოლტავის, ოდესის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქებზეც. და ჩვენს ცაში ჯერ კიდევ არიან „შაჰედები“.
რუსეთმა სულ გუშინ ღამით უკრაინის წინააღმდეგ 339 დრონი გამოიყენა და მათგან დაახლოებით 200 შაჰედი იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა დიპლომატიურ ძალისხმევას ღამის თავდასხმით უპასუხა.
ჩვენ აღდგომას შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა - საპასუხოდ „შაჰედებს“ ვიღებთ. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც კონკრეტულად ენერგეტიკულ ობიექტებზეა მიმართული, თუმცა რუსები ამას უგულებელყოფენ და კვლავ ცდილობენ ჩვენი ქვესადგურებსა და ტრანსფორმატორებზე დარტყმას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპაში ომის გაჭიანურებას და წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს და სიცოცხლისა და მშვიდობის უგულებელყოფა ნებისმიერ დიპლომატიას აფერხებს.