რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ თბილისის მზადყოფნის შემთხვევაში რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა.
"მოსკოვი გამოთქვამს მზადყოფნას, ნორმალიზდეს ურთიერთობები საქართველოსთან, თუ თბილისიც მზად იქნება მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური პრობლემების არსებობისა, თანმიმდევრულად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება, სადაც ეს ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად“, - განაცხადა გალუზინმა.
გალუზინს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო კულტურულ საკითხთა სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებასთან მიახლოებას. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ფაქტი რუს და ქართველ ხალხს შორის "კულტურულ, ისტორიულ, სულიერ სიახლოვეზე" მეტყველებს.
"ჩვენ უღრმესი პატივისცემა გაგვაჩნია სრულიად საქართველოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქისადმი. ის ნამდვილად იყო საქართველოს ეროვნულ-სულიერი ლიდერი, ადამიანი, რომელიც იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს, მართლმადიდებლურ ტრადიციებს, მართლმადიდებლობის ერთიანობას და მთელ მსოფლიოში დამსახურებული ჰქონდა დიდი ავტორიტეტი. შვიდკოიმ პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებსა და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. თავად ეს ფაქტი მოწმობს ჩვენს ხალხებს შორის კულტურული, ისტორიული და სულიერი სიახლოვის შესახებ. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, საერთო ღირებულებითი საფუძველი გვაქვს“, - განაცხადა გალუზინმა.