იტალიამ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში მონაწილე რამდენიმე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს კუნძულ სიცილიის სიგონელას საჰაერო ბაზაზე დაშვების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი „რამდენიმე დღის წინ“ მოხდა და უარის თქმის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პირადად იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, იტალიამ თვითმფრინავებსუარი მაშინ უთხრა, როდესაც ამერიკული ბომბდამშენები უკვე ჰაერში იყვნენ და სიცილიისკენ მიემართებოდნენ.
აშშ-ის თვითმფრინავები სიგონელაში უნდა დაშვებულიყვნენ და შემდეგ ახლო აღმოსავლეთისკენ აეღოთ გეზი.
თუმცა, იტალიურ სარდლობას ფრენის გეგმის შესახებ წინასწარ არავინ აცნობა და ასეთ შემთხვევაში აუცილებელი კონსულტაციებიც არ ჩატარებულა, რაც უარის თქმის მიზეზი გახდა.
სიგონელას სამხედრო აეროდრომი აღმოსავლეთ სიცილიაში, კატანიასთან ახლოს მდებარეობს. იქ როგორც იტალიის საჰაერო ძალებს, ასევე აშშ-ის საზღვაო ძალებს ბაზა აქვთ. ბაზას ასევე იყენებენ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც.
შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.
უფრო ადრე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დახურა საჰაერო სივრცე იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.