„ლელოც“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური გუნდიც ეძებს მხარდაჭერას ისეთი ხალხისაგან, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს საქართველოს მომავალზე, საქართველოს პოლიტიკაზე და როგორც წესი, ეს შეხედულებები არ ემთხვევა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას ქვეყნისათვის, , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ჯო უილსონის თემა ავიღოთ. დიდი ხანი არ არის, რაც ჯო უილსონი დადიოდა რუსული დროშით, როგორც სამკერდე ნიშნით. მაშინ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა და ასე აწყობდა. დღეს, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, „ლელოც“ და სხვა პოლიტიკური გუნდიც ისეთი ხალხისგან ეძებენ მხარდაჭერას, რომლებსაც თავიანთი შეხედულებები აქვს საქართველოს მომავალზე, პოლიტიკაზე. როგორც წესი, ეს შეხედულებები ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას არ ემთხვევა და ვაშინგტონშიც არ არის ცალსახა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ვიცით ჰელსინკის კომისიის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ვითარდება. მათი ინტერესი სხვაა. ზოგი რეალურად ჩართულია იმ ლობირებულ სისტემასთან, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს იხდის, რათა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკა ჩამოყალიბდეს და მმართველ სისტემაში პოპულარული გახდეს. თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა გარკვეულწილად იმ პოლიტიკოსებს ეხმარებიან, რომლებიც სულ ახლახან უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ტრამპს, მაგრამ ახლა უნდათ, ახალი ადმინისტრაციის მოკავშირედ წარმოადგინონ თავი. მათ მიმართ სხვა ჯგუფებს აქვთ პრეტენზია, თუნდაც კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით. არ არის მთავარი, იქ რას ეძებენ. მთავარია, როგორია საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულება არაკეთილსინდისიერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ზუსტად იცის, რომ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.