30 მარტს, ღამით უკრაინული დრონები ტოლიატიში მდებარე ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს დაესხნენ თავს. ინფორმაციას სამარის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ ფედორიშევი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რომელ საწარმოზეა საუბარი, თუმცა რუსული და უკრაინული „ტელეგრამ-არხები“ წერენ, რომ სავარაუდოდ დარტყმის სამიზნე „კუიბიშევ აზოტის“ ქარხანა გახდა. ქარხანა აწარმოებს არა მხოლოდ სასუქებს, არამედ ასაფეთქებელი ნივთიერებების პრეკურსორებსაც.
ასევე ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ქალაქ ტოლიატის თავზე კვამლი ჩანს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იერიში დაახლოებით დილის 05:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე რაიონში ხუთზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა.
არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და არც საცხოვრებელი ობიექტები დაზიანებულა.