სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრას ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, აგრონომები და დარგის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებაზე და ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგროსექტორის განვითარებასა და წარმოების ეფექტიანობის ზრდაში.
შეხვედრის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს დეტალურად გააცნეს ატმის ბაღების მოვლის თანამედროვე მიდგომები, მათ შორის ნიადაგის მართვის პრინციპები, განოყიერების ეფექტიანი სტრატეგიები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხები, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და ფენოლოგიურ ეტაპებზე დაფუძნებული სამუშაოების დაგეგმვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე სეზონზე ატმის ბაღებში ჩასატარებელ ღონისძიებებს. ფერმერებს მიეწოდათ პრაქტიკულად გამოსადეგი რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე აგროტექნოლოგიურ მიდგომებს და მიზნად ისახავს მოსავლიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. წარმოდგენილმა საკითხებმა ფერმერთა მაღალი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა დისკუსიას, რომლის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.